logo
ENG



ხაზარაძე პრაიდზე: კეკლუცობაა ერთი ხელით აძლევდე ნებართვას, მეორით ეუბნებოდე, "ნუ ჩაატარებ"

29 ივნ 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე პრაიდზე: კეკლუცობაა ერთი ხელით აძლევდე ნებართვას, მეორით ეუბნებოდე, "ნუ ჩაატარებ"
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "პრაიდის კვირეულზე" ამბობს, რომ კონსტიტუციით ყველას გამოხატვის უფლება დაცულია, ხელისუფლება კი "კეკლუცობს" და "ორმაგი სტანდარტებით" არის დაკავებული. 

ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას ხაზარაძემ აღნიშნა ისიც, რომ თუკი ხედავენ რისკს, შედეგებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და "საპატრიარქო ხედავს ამ რისკს".

"კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, "რუსთაველზე ჩაატარე", და მეორე ხელით ეუბნებოდე, "მოდი ნუ ჩაატარებ", არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებართვას, თუ ასეთი პრინციპული ხარ. [...] 

მეტს ვიტყვი, თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და ვერ იცავ კანონს, რაღაც მიზეზის გამო, პოლიცია ვერ იცავს, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, როგორც ხელისუფალი, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. ზუსტად ეს განაცხადა საპატრიაქრომ, რომ ის ხედავს რისკს, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ცუდად სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ. 

ამაზე წამყვანი ჩაეკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ის საპატრიარქოს პოზიციას, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა:

"საპატრიარქო ხედავს პრობლემას. კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მაგრამ მოდი, ნუ ჩაატარებ. შე დალოცვილო, თუ პრობლემას ხედავ, და თან ეუბნები არ ჩაატაროო, თან ნებართვას იძლევი, ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს". 

გადაცემის წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა "პრაიდის კვირეულის" ჩატარებას მხარს, ხაზარაძემ შემდეგნაირად უპასუხა: 

"ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და დაცულია ეს კონსტიტუციით. მორჩა და გათავდა. თუ რაიმე გამოხატვას, ან ქმედებას სახელმწიფოსთვის მოაქვს ზიანი, და პოლიტიკოსი რომ ხარ და ხედავ ამ ზიანს და საშიშროებას, უნდა იმოქმედო ადეკვატურად. ადეკვატური მოქმედება ის არის, რომ ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო. აქ მინდა დავამთავრო.

მე ვერ შევეწინააღმდეგები იმ კონსტიტუციას, რომელიც კობახიძის და „ქართული ოცნების“ მიერ იქნა ჩასწორებული და მიღებული. მომწონს-არმომწონსზე არაა ლაპარაკი. ქვეყანა ცხოვრობს ამ კონსტიტუციით, შესაბამისად, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. და მას თავში არავინ არ უნდა ჩაარტყას. და თუ ძალადობაზე გადავდივართ და ამ საშიშროებას ხედავს ხელისუფლება, ორმაგი სტანდარტი არ უნდა მომახვიო თავზე". 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა